EFTA-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა


efta

1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის. პირველ ეტაპზე შეთანხმება ძალაში შევა საქართველოს, ნორვეგიასა და ისლანდიას შორის, ხოლო საქართველოს, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინის შორის ძალაში შევა შვეიცარიისა და ლიხტენშტაინის მიერ შეთანხმების რატიფიცირებიდან 3 თვის შემდეგ. 

საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად, EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასასრულებლად გათვალისწინებული იყო ოთხი რაუნდი, თუმცა მხარეებს შორის ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მოლაპარაკებებები წარმატებით დასრულდა სამ რაუნდში. 

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე. 

შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.