Cpower-ს და Dongfang Electric Corporation-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა


chine-and-georgia

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“, ფარგლებში, საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანია „CPower”-ს და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია „Dongfang Electric Corporation“ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ჩინური მხრიდან კორპორაცია Dongfang Electric Corporation-ის ვიცე პრეზიდენტმა ლან ზეჰაი, ხოლო ქართული მხრიდან პროექტის განმახორციელებელი კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“  შვილობილი შპს  ,,Cpower”‐ის დირექტორმა გივი ჭაჭიამ მოაწერა ხელი.

კონტრაქტის ჯამური მოცულობა  200 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მლნ. აშშ დოლარს უდრის. ჩატარებულია წინა სამშენებლო სამოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ. იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.

Dongfang Electric Corporation წარმოადგენს უმსხვილეს ჩინურ ჰოლდინგს, რომელიც ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაშია. იგი ჩინური  თბოენერგეტიკული დანადგარების წარმოების ბაზრის 1/3 წილს და ჰიდროენერგეტიკული დანადგარების წარმოების ბაზრის 2/5‐ს წილს ფლობს. კომპანია ასევე მოღვაწეობს ისეთ დარგებში როგორიცაა: მძიმე მრეწველობა, ელექტრო გადამცემი ხაზების წარმოება და მონტაჟი, სამრეწველო საკონტროლო მოწყობილობები, მაღალი ძაბვის სიხშირული გადამყვანები, ქიმიური დანადგარები.

,,Cpower”‐წარმოადგენს  ,,საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულ კომპანიას,რომელიც  განახორციელებს  გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნახშირზე მომუშავე  300 მეგავატიანი თბოელექტროსადგურის  მშენებლობას .