28-29 ნოემბერს „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება


abrisham-way

2017 წლის 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

ამ თემაზე  სასტუმრო „ბილტმორში,“ სადაც ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის სამუშაო შტაბია გახსნილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ბრიფინგი გამართა. 

„ფორუმზე თხუთმეტზე მეტ მინისტრს ველოდებით, ასევე გვესტუმრებიან მოლდოვისა  და უკრაინის პრემიერ მინისტრები და სლოვენიის ვიცი პრემიერი. ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.  საერთო ჯამში, ველოდებით 34 ქვეყნის  უმაღლეს პირს და ასევე მსოფლიოს 50-ზე მეტი  ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელს“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“  გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ  უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.  გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.