10 კომპანია, რომელმაც საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა


invest-in-georgia-1

 

მიმდინარე წლის I-III კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1.346 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 2.9%-ით მეტია.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რომელმა კომპანიებმა განახორციელეს ყველაზე მეტი ინვესტიცია მიმდინარე წელს. „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ტოპ-10 კომპანია, სადაც უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა ასე გამოიყურება:

შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ – რომელიც „თბილისი მოლს“ მართავს და თავის მხრივ, შპს „რაკინ დეველოპმენტს“ და ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტს“ ეკუთვნის.
„აიდიეს ბორჯომი საქართველო“ – რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებული

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალია.

შპს „მაგთიკომი“ – კომპანია აშშ-ში რეგისტრირებული „ტელსელ უაიერლეს კომპანი“ და „ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარის“ საკუთრებაშია.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – რომელიც ენერგო–პრო ეი–ეს შვილობილი კომპანია და ენერგო–პრო ჯგუფის სრულფასოვანი წევრია. თავის მხრივ, ენერგო–პრო ჯგუფი, აერთიანებს ელექტროენერგიის გენერაციისა და დისტრიბუციის ობიექტებს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთში, საქართველოსა და თურქეთში.

BP Group – ეს ერთ-ერთი უდიდესი ენერგოკომპანიაა მსოფლიოში, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან მუშაობს. კომპანიის ძირითადი ბიზნესი ენერგიის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და მიწოდებაა. ამ ეტაპზე BP საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ მილსადენს უწევს ექსპლუატაციას.

შპს „ტავ ურბან საქართველო“ – რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიია. მისი მესაკუთრეები არიან : სააქციო საზოგადოება „ტავ აეროპორტების გაერთიანება“, უცხოური საწარმო აეროსერ ინთერნეიშენალ ჰოლდინგ (გაერთიანებული სამეფო) ლიმიტედი და ნოდარ კურტანიძე;

შპს „ტოიოტა კავკასია“ – კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის „ტოიოტას“ წარმომადგენელია საქართველოში. მისი 100%-იანი წილის მფლობელი იაპონიაში რეგისტრირებული „ტოიოტა ცუშო კორპორეიშენია“

სს „მეტრო ავრასია ჯორჯია“ – საქართველოში 2010 წელს დაფუძნდა და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურების მშენებლობა და მართვა, ტრანსპორტირება და მგზავრთა გადაყვანა, სასტუმროების მშენებლობა და მართვა, სამშენებლო მასალების წარმოება-რეალიზაცია და ა.შ.

„ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის“ ფილიალი საქართველოში – რომელიც ნავთობსადენების, გაზსადენების მშენებლობითა და სარემონტო სამუშაოებით არის დაკავებული. მისი დამფუძნებელია თურქეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთი“.

შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი – რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL-ია.

აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ ცნობით, აღნიშნული კომპანიები არ არის რეიტინგის მიხედვით დალაგებული. ამასთან, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა, თუმცა, როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განაცხადეს ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.