ცვლილებები საქართველოს მთავრობაში


georgia

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები ხორციელდება. ცვლილებათა პროექტი საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას. 
 ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შინაგან საქმეთა მინისტრად. ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი და მას უხელმძღვანელებს გიორგი მღებრიშვილი. 

 ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორია. 

 განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია და მას კარგად იცნობენ აკადემიურ წრეებში. 

 კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და ამ მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე. 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ლევან დავითაშვილი დაიკავებს. 

 საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. 
„ამ  ცვლილებების პაკეტს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიცებთ, რის შემდეგაც ის განსახილველად პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოახდენს კოორდინაციას ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, მინდა ვთხოვო პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე, უმოკლეს ვადაში დასრულდეს“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.