ქარელიში თევზის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა


fish

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ მამუკა კვარაცხელიასთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თევზის  გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ახალი თევზი“ გახსნა. აღნიშნული საწარმო  „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

„ახალი თევზი“ წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან,  249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო  311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.