სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ატმის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა


Peach-export

მიმდინარე წლის 24 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 5,853 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 2.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 2,603 ტონას შეადგენდა, ხოლო მთლიან სეზონზე ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 5,800 ტონა იყო. შესაბამისად, წელს ატმის ექსპორტის მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა შარშანდელი სეზონის სრულ მაჩვენებელს. 

მათივე ინფორმაციით, ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (76%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (14%), ყაზახეთის რესპუბლიკაში (4%), ასევე სომხეთსა და უკრაინაში ხორციელდება. ამჟამად, ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს.