საქართველო ჩინეთში უმსხვილეს გამოფენაზე წარდგება


China-International-Fair-for-Investment-&-Trade

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს, ჩინეთში, ქალაქ სიამენში, უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა (China International Fair for Investment & Trade) გაიმართება, სადაც საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით დაგეგმილია, საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

გამოფენის პირველ დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნიან.

გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ბევრი სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.