საქართველოში უმსხვილესი იტალიური კომპანია C.M.C. შემოდის


cmc-italy

“საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფი” და უმსხვილესი იტალიური ჯგუფი Muratori & Cementisti – C.M.C. di Ravenna SocietàCooperativa თანამშრომლობას იწყებენ. 
კომპანიები საქართველოში ერთობლივ საწარმოს დააფუძნებენ, რომელიც მონაწილეობას მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მიიღებს. კერძოდ, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის განხორციელებაში. შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება. 

“ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას. ამასთან, “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაფორმებული პარტნიორობით აკეთებს ბიზნეს საქმიანობის მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ განაცხადს. თავის მხრივ, C.M.C ჯგუფი საქართველოს ბაზარზე შემოდის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტისთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს”, – განმარტავენ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში.

 

cmc-italy-1

C.M.C. წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს იტალიურ სამშენებლო კომპანიას, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მასშტაბური პროექტების განხორციელებით სატრანსპორტო, ჰიდრო და წყალმომარაგების, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი, ასევე, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურების მიმართულებებით. 2016 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამასთან, მიმდინარე პროეტების საპორტფელო ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.