საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით გაიზარდა


airport-tbilisi-1

2017 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 48.61%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 40.07%-ით არის გაზრდილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 609 183 მგზავრი, რაც 48.61%-ით (526 355 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (1082 828 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 287 228 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 893 222 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად მატებამ 44.11% შეადგინა;
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 93.69%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 95 430 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 184 840 მგზავრი შეადგინა;
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მომსახურებულ იქნა 133 418 მგზავრი, რაც 43.95%-ით (40 736 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

airport-tbilisi

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში 3 240 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 746 მგზავრით, შესაბამისად 116.87%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 6 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა. ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან ივნისის ბოლომდე 457 მგზავრს მოემსახურა.