სამეგრელოში წარმოებული გამომშრალი ხილი ჰოლანდიასა და ამერიკაში გაიყიდება


fruit-maker-1

სამეგრელოში წარმოებული გამომშრალი ხილი ჰოლანდიასა და ამერიკაში გაიყიდება. ქვეყნებს პროდუქციას კომპანია “გემუანი” მიაწვდის, რომელმაც ფუნქციონირება წელს გაზაფხულზე დაიწყო.

“გემუანის” პროექტების მენეჯერი ზაზა ყურაშვილი “საქმის კურსთან” აცხადებს, რომ პროდუქცია ნიუ-იორკში და ამსტერდამში უახლოეს 10 დღეში გაიგზავნება.

მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საუბარია მცირე რაოდენობებზე, სამომავლოდ კი ექსპორტის გაზრდა იგეგმება, მათ შორის ნიუ-იორკში გაგზავნილი საქონელი 11 შტატში გადანაწილდება.

“გემუანში” აცხადებენ, რომ დაინტერესება არის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდანაც, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
fruit-maker-2

 

ამ ეტაპზე კომპანია 12 სახეობის გამომშრალ ხილს აწარმოებს: ვაშლი, ნესვი, მარწყვი ჟოლო, გარგარი, ატამი, ტყემალი, ფორთოხალი და სხვა.
კომპანია ხილს მთელი საქართველოს მასშტაბით სეზონურად იბარებს. „გემუანში“ მუდმივად 25 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი დამატებით 25 პირი.

კომპანია, “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის” ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი – შეღავათიანი აგროკრედიტი.