პრემიერი: „გალერეა თბილისში“ მსოფლიოში ცნობილი ბრენდები შემოვიდნენ, რაც მოწმობს, რომ საქართველოსადმი ნდობა განსაკუთრებულად მაღალია


Galleria-Tbilisi

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიას დაესწრო.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ცენტრში 800-მდე დასაქმებულია და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 97 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
პრემიერის განცხადებით, გალერეა თბილისში სავაჭრო ცენტრის გარდა, იქნება გასართობი სივრცეები, ორი თეატრი და ულტრათანამედროვე სტანდარტებითა და აპარატურით მოწყობილი კინოთეატრი.

„ამ სავაჭრო ცენტრში მსოფლიოში ცნობილი ბრენდები შემოვიდნენ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ საქართველოსადმი ნდობა განსაკუთრებულად მაღალია.მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოყენებული მასალების 90% საქართველოშია ნაწარმოები და ყველაზე რთული სამუშაოები ამ სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესში ქართულმა კომპანიებმა შეასრულეს.
მინდა, მადლობა გადავუხადო თანაინვესტირების ფონდს, რომელმაც ეს ძალიან რთული და მოცულობითი პროექტი დაასრულა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც აიღო თავის თავზე ეს საქმე და პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, განაახლა და ასეთი სახით დაასრულა. დღეს ჩვენს დედაქალაქს აქვს ეს ულამაზესი ადგილი დასრულებული სახით“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.