იაპონიაში ქართული კივის ექსპორტი იზრდება


Kiwifruit-1

სოფლის მეურნეობის მინისტრმა,  ლევან დავითაშვილმა იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტთან, ტეტსუია საკამოტოსთან და ქართული კივის მწარმოებელი კომპანიის „ნერგეტა“ თანადამფუძნებელთან, კონსტანტინე ვეკუასთან შეხვედრაზე იაპონიაში ქართული კივის ექსპორტის მზარდი ტენდენციის საკითხი განიხილა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და განსაკუთრებული ყურადღება მეხილეობის სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იაპონიის ბაზარი საქართველოსთვის საინტერესოა და ქართული კივის იაპონურ ბაზარზე გამოჩენა მნიშვნელოვანია.

იაპონური სავაჭრო კომპანიის „აგრი“ პრეზიდენტის, ტეტსუია საკამოტოს განცხადებით, საქართველოში კივის კულტურას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რადგან კლიმატური პირობები სრულად შეესაბამება საექსპორტო კივის კულტურის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ნერგეტამ“ კივის საცდელი პარტია იაპონიის ბაზარზე 2016 წელს შეიტანა. მიმდინარე წელს კი, დაახლოებით 100 ტონა კივის ექსპორტისთვის ემზადება.