თბილისში საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა


georgia-and-Estonia

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი გაიმართა. ღონისძიების დახურვაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვიდნენ. 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება, ბოლო პერიოდში გაიზარდა ესტონეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე იზრდება ტურისტული ნაკადი და ეს ფორუმიც იმის დასტურია, რომ არის საკმაოდ მაღალი აქტივობა ესტონური კომპანიების მხრიდან. 
ესტონეთის ბიზნესდელეგაცია საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მშენებლობა, ავეჯის წარმოება, კვების მრეწველობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, გადაზიდვის მოწყობილობები, ტურიზმი, ბიზნესის საკონსულტაციო სექტორი, არქიტექტურა, თავდაცვა, ენერგეტიკა, იურიდიული კომპანიები და ტელევიზია/გასართობი გადაცემები. 
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შეთავაზების საფუძველზე ბიზნესფორუმზე 100-ზე მეტი ქართული კომპანია დარეგისტრირდა. ესტონეთის ბიზნესდელეგაცია 29 წევრისგან შედგება, რომლებიც მსხვილ ესტონურ კომპანიებს წარმოადგენენ. 
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველო და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ. 
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 6%-ით და განისაზღვრა 7,29 მლნ. აშშ დოლარით.
იზრდება ტურისტების რაოდენობაც. 2017 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ესტონელი ვიზიტორების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით