ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს გზებს 250 მლნ ევროთი დააფინანსებს


euro-and-georgia

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, 250 მლნ ევროს დაფინანსებას გამოყოფს. შესაბამის ფინანსურ კონტრაქტს დღეს ხელი ბათუმში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა მოაწერეს.

250 მლნ ევრო საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 253 კმ სიგრძის ძირითადი და მეორადი გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება.

პროექტს განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით.

დღესვე ბათუმში ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებასაც, რომლის თანახმად, ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია დამატებით 3,5 მლნ ევროთი დაფინანსდება.

 

euro-and-georgia-1

 

აღნიშნული თანხა დაემატება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილ 20 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რაც საჭირო გახდა ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი აგრეგატის რეაბილიტაცია, ასევე ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია და გალის წყალსაცავსა და ვადნილის არხზე უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელება.