ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება


batumi-roed

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა, ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და თურქული სამშენებლო კომპანია (ერთობლივი საწარმო) „POLAT YOL & MAPA“ წარმომადგენელმა ემრე პოლატმა მოაწერეს ხელი. 

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. 

ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა (ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად) სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. 

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.