ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა


anakliya

„თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა.

შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება.