ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი SSA Marine-ი ხდება


Leading-US-company

უმსხვილესი ამერიკული კომპანია SSA Marine-ი  ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორი და ერთ-ერთი ინვესტორი ხდება, – შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი დღეს  მოეწერა. ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.  

„კონტი ჯგუფის“  შემდეგ, SSA Marine-ი მეორე მსხვილი ამერიკული კომპანიაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობასა და განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა  SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტ რობერტ ვოტტერსთან  და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლებთან. მხარეებმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური პარტნიორობის საკითხებს  და საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეიმუშავა ანაკლიის პორტის გენერალური გეგმა და პორტის წინასწარი დიზაინი; განახორციელა 50-ზე მეტი სახმელეთო, საზღვაო ეკოლოგიური და საინჟინრო კვლევა სამშენებლო სამუშაოების სხვადასხვა მიმართულებისთვის; დაწყებულია ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა. ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.ა